ტურისტული გადასახადი: რისთვის და სად უნდა გადავიხადოთ?

სავარაუდოდ ბევრს გსმენიათ, რომ ევროპის პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში, ისეთში, როგორიცაა ამსტერდამი ან ვენეცია, უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ ებრძოლონ ტურისტების გიჟურ ნაკადს. ქალაქებსა და ქვეყნებში ტურიზმის კონტროლის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს „ტურისტული გადასახადის“დაწესება. მაგრამ რა არის ეს, როგორ მუშაობს, ვინ იხდის ამ გადასახადს და როგორია მისი განაკვეთი? ამ და სხვა საკითხებს ქვემოთ განვიხილავთ, ასევე ვნახავთ, თუ როგორი იქნება ტურისტული გადასახადის განაკვეთები 2020 წელს.

ტურისტული გადასახადის წარმოშობის ისტორია სათავეს იღებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ვიზიტორთა გადასახადის გადახდა ცნობილია ბადერეხტში 1306 წლიდან, ხოლო 1507 წლიდან ბადენ-ბადენში ფიქსირდება. მოგვიანებით, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ასეთი გადასახადები თითქმის ყველგან შემოიღეს. ორგანიზებულად ტურისტული გადასახადი დაწესებულია XIX საუკუნის შუა რიცხვებიდან ავსტრიისა და გერმანიის კურორტებზე, 1919 წლიდან კი „ტურისტული გადასახადის“ მცნება საფრანგეთის კანონმდებლობაშიც გაჩნდა. ამჟამად, ტურისტული გადასახადების აკრეფის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იმ ქვეყნებშია, რომლებიც ტურიზმიდან ეროვნული შემოსავლის მაღალ პროცენტს იღებენ, მაგალითად, იტალიაში.

რა არის „ტურისტული გადასახადი“?

ტურისტული გადასახადი – მცირე გადასახადია, რომლის აკრეფა ჩვეულებრივ არაპირდაპირ ხორციელდება განთავსების ობიექტების მომწოდებლების ან ტურისტული კომპანიების მეშვეობით და, როგორც წესი, მიმართულია იმ ტურისტებისკენ, რომლებიც ქალაქში ღამისთევით რჩებიან.

რა გადასახადები არსებობს ტურიზმში?

ტურისტებსა და ტურიზმის ორგანიზატორებს სხვადასხვა ტიპის „ტურისტული გადასახადები“ ეხებათ: ქალაქის გადასახადი, საკურორტო გადასახადი, ეკოლოგიური გადასახადი, ტურისტული გადასახადი და სხვ.

ვინ აწესებს გადასახადს და არის თუ არა სავალდებულო მისი გადახდა?

ტურისტული გადასახადების უმეტესობა დაწესებულია ტურისტებს შორის პოპულარულ ქალაქებში. ზოგჯერ ასეთი მოსაკრებლის შემოღების აუცილებლობა განპირობებულია ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ხოლო სასურველობას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აცხადებს.

ამგვარი გადასახადის გადახდა თითქმის ყოველთვის არის აუცილებელი, როდესაც თქვენ სხვა ქალაქს ეწვევით (ზოგჯერ ბიზნეს-სასტუმროებში შეიძლება არ დაგჭირდეთ გადასახადის გადახდა, თუკი შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ არ ჩამოსულხართ კულტურულ-ტურისტული მიზნისთვის).

როგორ გადავიხადოთ ტურისტული გადასახადი?

ამ საკითხზე შეგიძლიათ არ იდარდოთ – ყველაფერზე სასტუმროში ან თქვენი განთავსების სხვა ადგილას იზრუნებენ: კონკრეტულ ადგილზე დაწესებული გადასახადის განაკვეთი ნომრის ფასში შედის. გადასახადის გადახდა მოგიწევთ იმის მიუხედავად, თუ როგორ დაჯავშნეთ ნომერი: ონლაინ, ტელეფონით თუ უბრალოდ ქუჩიდან შემოხვედით.

თუ საპაკეტო ტურით გაემგზავრეთ, ჩასვლისთანავე ან სასტუმროდან გასვლის დროს ჯგუფის ხელმძღვანელმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ გადასცეთ მას განსაზღვრული თანხა ნაღდი სახით, თუ „ტურისტული გადასახადის“ პუნქტი არ იყო მითითებული თქვენი საგზურის გადასახდელ ინვოისში.

რისთვის მოიხმარენ ტურისტულ გადასახადს?

ეს დამოკიდებულია ქვეყანასა და ქალაქზე, მაგრამ ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრელებისთვის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ტურისტების ჭარბი რაოდენობა (ე.წ. overtourism), ასევე თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტული ადგილის იმიჯის გასაუმჯობესებლად მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე ან ლოკაციის რებრენდინგისთვის.

სად და რამდენი უნდა გადავიხადოთ?

ჩვენ შევაგროვეთ ინფორმაცია, თუ როგორი იქნება ტურისტული გადასახადების განაკვეთი 2020 წელს ქართველ ტურისტებს შორის პოპულარულ მიმართულებებზე.

ძირითადი ინფორმაცია აღებულია ტუროპერატორთა ევროპული ასოციაციის (ETOA) ვებ-გვერდზე, სადაც დროთა განმავლობაში შესაძლებელია მისი დაზუსტება, რადგან გადასახადის განაკვეთები მუდმივად იცვლება.

ავსტრია

ავსტრიაში ტურისტებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი ღამისთევისთვის (მათ შორის, კემპინგში), რომლის აკრეფა ხორციელდება იმ პროვინციის მიხედვით, სადაც იმყოფებით.

ტურისტულ გადასახადს, რომლის გადახდაც აუცილებელია, აქ ორი სახელწოდება აქვს Tourismusgesetz და Beherbergungsbeiträge, ამჟამად ვენაში იგი შეადგენს სასტუმროს ღირებულების 0,36-დან 3,2%-მდე დღე-ღამეში ერთ ადამიანზე.

15 წლამდე ასაკის ბავშვები (ზოგჯერ კი 14 წლამდე ასაკის) გადასახადისგან თავისუფლდებიან.

ბელგია

ბელგიაში არსებობს მთელი რიგი გადასახადებისა, რომელთა განაკვეთი ქალაქზეა დამოკიდებული.

ანტვერპენში სასტუმროში დაწესებულია ფიქსირებული განაკვეთი 2,39 ევროს ოდენობით დღე-ღამეში ერთ ადამიანზე.

სასტუმროში განთავსება, რომელიც „ტურიზმი ყველასათვის“ ბრძანებულების მოქმედების ქვეშ ექცევა, და 18 წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლდებიან გადასახადის გადახდისგან – გამონაკლისია ბრიუგე და გენტი, სადაც გადახდისგან 12 წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლდებიან.

თუ ბრიუგეში რჩებით, ტურისტული გადასახადი 2,12 ევროს შეადგენს ერთ ადამიანზე დღე-ღამეში. ეს ეხება ყველა ტურისტულ ობიექტს, მათ შორის სასტუმროებს, სასტუმრო სახლებს და საერთო საცხოვრებლებს.

გენტის ქალაქის გადასახადი შეადგენს 3 ევროს ერთ ადამიანზე დღე-ღამეში. ზოგიერთ სასტუმროში იგი ნომრის ღირებულებაში შედის, ზოგიერთმა კი შეიძლება შეამციროს ფასი და დამატებითი გადასახადის სახით აკრიფოს.

ბრიუსელში არსებობს ქალაქის გადასახადი, რომლის ოდენობა დამოკიდებულია რაიონზე, სასტუმროს ზომასა და სასტუმროს კლასიფიკაციაზე.

ბულგარეთი

ბულგარეთში დაწესებულია ქალაქის გადასახადის ან საკურორტო გადასახადის აკრეფა, რაც დამოკიდებულია რაიონზე და სასტუმროს კლასიფიკაციაზე.

ქალაქის გადასახადის განაკვეთის დიაპაზონი ერთ ადამიანზე დღე-ღამეში 0,25 ბულგალური ლევიდან (0,1 ევრო) 1,4 ლევამდეა (0,72 ევრო).

ზოგიერთ რაიონში საკურორტო გადასახადის გადახდა დაწესებულია დროებითი ბინადრობისთვის, და არა ერთ ადამიანზე ღამისთევისთვის. გადასახადის ოდენობა განსხვავდება რაიონიდან რაიონამდე, ამიტომ უმჯობესია დააზუსტოთ ან დაჯავშნილ სასტუმროში, ან თქვენს ტურაგენტთან.

ხორვატია

ხორვატიაში 18 წელზე მეტი ასაკის დამსვენებლებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი „Sojourn Tax“ – დროებითი ბინადრობის გადასახადი, რომელიც, როგორც წესი, შეადგენს დაახლოებით 10 ხორვატიურ კუნას (1,34 ევროს) ერთ ადამიანზე დღე-ღამეში, თუმცა ეს დამოკიდებულია განთავსების ობიექტის კატეგორიასა და სეზონზე.

12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება, ხოლო 12 წლამდე ასაკის ბავშვები გადასახადისგან თავისუფლდებიან.

თითოეული ქალაქი ოთხი A-D კატეგორიიდან ერთ-ერთში ხვდება. მაგალითად, დუბროვნიკი A კატეგორიაშია. ქვემოთ მცხრილში მოცემულია მონაცემები გადასახადის განაკვეთის შესახებ, ETOA-ს საფუძველზე 2019 წლის შემოდგომის მდგომარეობით.

„ადრეული“ სეზონი „მაღალი“ სეზონი „დაბალი“ სეზონი „გვიანი“ სეზონი
«А» კატეგორია 0,74 ევრო 0,94 ევრო 0,6 ევრო 0,74 ევრო
«B» კატეგორია 0,6 ევრო 0,81 ევრო 0,47 ევრო 0,6 ევრო
«C» კატეგორია 0,47 ევრო 0,67 ევრო 0,34 ევრო 0,47 ევრო
«D» კატეგორია 0,32 ევრო 0,54 ევრო 0,27 ევრო 0,32 ევრო

საფრანგეთი

საფრანგეთში არსებობს „Taxe de Sejour“ ან ტურისტული გადასახადი, რომელსაც კრიბავენ ერთ ადამიანზე დღე-ღამეში და რომელიც დამოკიდებულია განთავსების ობიექტის ხარისხსა და დონეზე.

ფასები მერყეობს 0,50 ევროდან 4 ევრომდე ერთ ადამიანზე დღე-ღამეში. დეტალური ინფორმაცია ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე service-publ.fr.

პარიზში დაწესებულია გადასახადის 15%-ის დამატებით გადახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით გადაიხდით 0,23 ევროდან 4,60 ევრომდე.

18 წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლდებიან გადასახადის გადახდისგან.

გერმანია

Kulturförderabgabe (კულტურის გადასახადი) ან Bettensteuer („გადასახადი საწოლზე“) ის ტერმინებია, რომლებიც გერმანიაში ტურისტული გადასახადებისთვის გამოიყენება.

გადასახადები მერყეობს 0,50 ევროდან 4 ევრომდე ერთ ადამიანზე დღე-ღამეში ან ნომრის ღირებულების 7,5% საცხოვრებლის ტიპის, ნომრის ღირებულებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

მაგალითად, ბერლინში მოგიწევთ ნომრის ღირებულების 5%-ის გადახდა, გადასახადი კი 21 თანმიმდევრულად გატარებული დღით შემოიფარგლება, თუმცა საქმიანი მოგზაურები გადასახადისგან თავისუფლდებიან.

ამავდროულად, მაგალითად, მიუნხენში ტურისტული გადასახადი არ არის, თუმცა იგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია.

საბერძნეთი

საბერძნეთში ტურისტული გადასახადი მხოლოდ 2018 წელს შემოიღეს.

გადასახადი შეადგენს 0,50 ევროს დღეში ერთ ადამიანზე, ვინც ცხოვრობს ერთ ან ორვარსკვლავ სასტუმროში, 1,50 ევრომდე – სამ ვარსკვლავიან სასტუმროში, 3 ევრო ოთხვარსკვლავიან და 4 ევრო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.

იტალია

იტალიაში ტურისტებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი, რომელსაც ეწოდება „Tassa di soggiorno“.

ქალაქიდან ქალაქამდე განსხვავებული განაკვეთია, რაც დამოკიდებულია სასტუმროს ვარსკვლავურ რეიტინგზე. გადასახადის გადახდა ღამეთა გარკვეული რაოდენობის მიხედვით მოგიწევთ, ბავშვებისთვის კი, ჩვეულებრივ, დაწესებულია შეღავათები.

მაგალითად, რომში 10 დღემდე ყოფნის შემთხვევაში გადაიხდით 3 ევროდან 7 ევრომდე დღეში ერთ ადამიანზე. 10 წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლდებიან გადასახადისგან.

პოპულარული ქალაქების მიხედვით შედგენილი მიმდინარე გადასახადების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე italyvacations.com.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში ვიზიტორებს ეკისრებათ ტურისტული გადასახადის გადახდა, რომელსაც „Toeristenbelasting“ უწოდებენ.

მისი გადახდა 400-ზე მეტ მუნიციპალიტეტშია დაწესებული დღე-ღამეში ერთ ადამიანზე, მაგრამ განაკვეთი შეიძლება განსხვავდებოდეს სასტუმროს კლასისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.

დანარჩენები ან პროცენტს ახდევინებენ, რომელიც ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს სასტუმროს რეიტინგის ან საცხოვრებლის ტიპის მიხედვით, ან შესაძლოა არ ჰქონდეთ არანაირი გადასახადი.

მაგალითად, ტურისტებისთვის საყვარელ ამსტერდამში დაწესებულია ქალაქის გადასახადი, რომელიც ნომრის ღირებულების 7%-ს შეადგენს.

ესპანეთი

თუ იბიცაზე ან მალიორკაში მიემგზავრებით, მოემზადეთ გაზრდილი ტურისტული გადასახადისთვის (მოქმედებს 2017 წლიდან). ერთიანი და ფიქსირებული ტურისტული გადასახადი, რომელიც ვრცელდება ესპანეთის ბალეარის კუნძულებზე მდებარე კურორტებზე (მალიორკა, მენორკა, იბიცა, ფორმენტერა), ვრცელდება 16 წლის და მეტი ასაკის დამსვენებლებზე.

მაღალი სეზონის დროს ისინი, ვინც მდიდრულ სასტუმროებში რჩებიან, დღეში 4 ევროს იხდიან, საშუალო კლასის სასტუმროებში – 3 ევროს და 2 ევროს ბინებსა და საკრუიზო ლაინერებში (თუნდაც არ დარჩეთ კუნძულებზე) და 1 ევრო კემპინგებსა და საერთო საცხოვრებლებში.

ფასები 75%-ით მცირდება, თუ ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში მოგზაურობთ, ხოლო კუნძულზე რვა ღამის შემდეგ გადასახადი 50%-ით მცირდება.

Tasa turistica“ სპეციალური ტურისტული გადასახადია, რომლის გადახდაც კატალონიის ვიზიტორებს ეკისრებათ (სწორედ აქ მდებარეობს ბარსელონა, ესპანეთის, სავარაუდოდ ყველაზე ხშირად მონახულებადი ქალაქი).

თქვენ 0,45 ევროდან 2,25 ევრომდე გადახდა მოგიწევთ ერთ ადამიანზე დღე-ღამეში პირველი შვიდი ღამის განმავლობაში, სასტუმროს კატეგორიისა და იმის მიხედვით, თუ სად დარჩებით – თავად ბარსელონაში თუ რეგიონის სხვა ქალაქებში.

16 წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლდებიან გადასახადის გადახდისგან.

კანარის კუნძულებზე ტურისტული გადასახადი ჯერ არ არის დაწესებული, მაგრამ მისი შემოღება განიხილება, ამიტომ მალე ამ ინფორმაციის გადამოწმება იქნება საჭირო.

აშშ

დროებითი ბინადრობის გადასახადის გადახდა ეკისრებათ მოგზაურებს უმეტეს შტატებში, მათ შორის კალიფორნიასა და ფლორიდაში, საცხოვრებლის (ოთახი, მთელი სახლის თუ ბინის) ქირაობისას, სასტუმროში, მოტელში და სხვა შესაძლო ადგილებზე განთავსებისას, თუ ვიზიტის ხანგრძლივობა 30 დღეს არ აღემატება.

გადასახადის აკრეფა იმ დროს ხორციელდება, როდესაც საცხოვრებლის საფასურს გადაიხდით, შემდეგ კი ოპერატორი მას ქალაქს ან ოლქს ურიცხავს.

ნიუ იორკში 2013 წლის დეკემბრიდან სასტუმროს ნომერში განთავსებისთვის მოქმედებს გადასახადის განაკვეთი 5,9%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ნიუ-იორკში ასევე არსებობს New York State Hotel Unit Fee, რომელიც შეადგენს 1,5 დოლარს დღე-ღამეში ერთი ნომრისთვის.

ტეხასის შტატში გადასახადებს აგროვებენ სასტუმროს ნომრებსა და დროებითი ბინადრობის სხვა ადგილებში, რომელთა ღირებულება დღეში 15 დოლარზე მეტს შეადგენს, ამასთან ადგილობრივი გადასახადის განაკვეთი შეადგენს 2 დოლარიდან დღეში, ხოლო ფიქსირებული განაკვეთი – ნორმრის ღირებულების 6%-ს.

ასევე შეერთებულ შტატებში გავრცელებულია საკურორტო მომსახურებისთვის გადახდის პრაქტიკა ან ე.წ. „გადასახადი ვიზიტისთვის“. ეს არის ცალკე გადასახადი, რომელიც ასევე ადგილობრივი გადასახადებით იბეგრება. ანალოგიური ვითარებაა ლას-ვეგასის ყველა სასტუმროში, ფლორიდას მრავალ სასტუმროში, ნიუ-იორკის, ნევადის შტატის სასტუმროების ნაწილში, ზოგჯერ გვხვდება კანადაში, მექსიკაში, კარიბის ზღვის კუნძულებზე.

Posted in ბლოგი.