THIS IS HALLOWEEN: 5 სასტუმრო, რომელთა ხილვისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ (18+)

ჰელოუინის წინადღეს გადავწყვიტეთ თქვენი ნერვები გამოგვეცადა და იმ სასტუმროების სია შევადგინეთ, სადაც ყველაზე იდუმალი და მისტიკური ვითარება სუფევს. თუ საშინელებათა მოყვარული ხართ, სწრაფად შეუდექით კითხვას, და თუ არცთუ ისე გაბედული ბრძანდებით, არ გირჩევთ ამის გაკეთებას განსაკუთრებით ღამით, თანაც სიმარტოვეში. შედეგებზე პასუხს არ ვაგებთ.

სასტუმრო Cecil, ლოს-ანჯელესი, აშშ

მდიდრულმა სასტუმრომ ვიტრაჟებითა და მარმარილოს ვესტიბიულით, რომელმაც „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ სცენარისტები შთააგონა მეხუთე სეზონი გადაეღოთ აშკარა სახელწოდებით „სასტუმრო“, თავისი კარი 1927 წელს გახსნა. დიდი დეპრესიის დროს სასტუმრომ მძიმე წლები გამოიარა, როდესაც დანაშაულებისა და პროსტიტუციის ეპიცენტრი გახდა.

ამ დროისთვის ამ მისტიკური სასტუმროს კედლებში 10 თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი: ფანჯრიდან გადახტომა, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღება და თავში გასროლა.

მრავალი სტუმარი ნომრებში ჩრდილების ნახვას უჩიოდა. ყველაზე ცნობილი ინციდენტია – ფოტოსურათი, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა კოსტონ ალდერემ გადაიღო. ფოტოზე ერთ-ერთი ოთახის ფანჯრის მიღმა მოჩვენება ჩანს. თვითმკვლელობის დიდ რაოდენობას ბევრი სწორედ მას უკავშირებს.

აი, კიდევ ერთი: ელიზა ლამი, 21 წლის სტუდენტი, სასტუმროში 2013 წელს დასახლდა. მშობლებმა, რომლებსაც შვილისგან დიდი ხანი არაფერი სმენიათ, პოლიციას მიმართეს. ელიზას გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ, სტუმრები წყლის სუსტ წნევას უჩიოდნენ. როდესაც სასტუმროს თანამშრომლები წავიდნენ იმის დასადგენად, თუ რაში მდგომარეობდა პრობლემა, მათ გოგონას ცხედარი სასტუმროს წყალსადენის ერთ-ერთ რეზერვუარში აღმოაჩინეს. ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა გოგონა იქ, რადგან მხოლოდ სასტუმროს თანამშრომლებს აქვთ სახურავისა და რეზერვუარების გასაღებები. გარდა ამისა, ვირუსული ჩანაწერი ლიფტის ვიდეოკამერიდან, სადაც ელიზა უცნაურად იქცევა, ხელებს იქნევს, ლიფტში შედის და გამოდის, ამ ყველაფრის ადეკვატურობაში ეჭვს აღძრავს.

სასტუმრო Banff Springs, ალბერტა, კანადა

ეს სასტუმრო 1888 წელს აშენდა, თავდაპირველად ბიზნესმენი მოგზაურთათვის. ერთ დროს აქ მერლინ მონროც ცხოვრობდა.

მაგრამ სასტუმრომ სახელი 873 ნომრის წყალობით მოიხვეჭა. ამ ნომერში მამაკაცმა მოკლა თავისი ცოლი და პატარა ქალიშვილი, შემდეგ კი თავი მოიკლა. სტუმრები შუაღამისას ხმამაღალ კივილს უჩიოდნენ, დამლაგებლებმა კი ვერ შეძლეს სარკეებზე სისხლიანი კვალი გაეწმინდათ. 873 ოთახი ამოქოლეს.

ახლა მფლობელები ირწმუნებიან, რომ ეს ოთახი არასდროს არსებობდა, მაგრამ რამდენიმე გულადმა პირმა გამოძიება ჩაატარა, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს: თუ მეზობელი ოთახებიდან სავარაუდო 873 ნომერში დააკაკუნებთ, ყრუ ხმა გაისმის. გარდა ამისა, პლინთუსზე შეიმჩნევა, რომ იქ ოდესღაც კარი იყო.

ამ სასტუმროს კიდევ ერთი საშინელი ისტორიაა – პატარძალი-მოჩვენება. ამბობენ, რომ გოგონა კიბეზე ადიოდა, როდესაც ფეხი დაუცდა, კიბეებზე დაგორდა და კისერი მოიტეხა. სასტუმროს ვიზიტორები არაერთხელ ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა პატარძლის მოჩვენება კიბეებზე დაინახეს.

სასტუმრო Stanley, კოლორადო, აშშ

ეს ის სასტუმროა, რომელმაც სტივენ კინგი შთააგონა დაეწერა რომანი „ნათება“ (სხვათა შორის, ამ წიგნის ახალი ეკრანიზაცია კინოთეატრებში სულ მალე გამოვა).

იგი მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა, მას შემდეგ დაიწყო მისტიკა. მოხუცი დიასახლისი ელიზაბეტ უილსონი, რომელიც 1950-იან წლებში გარდაიცვალა, სამუშაოზე დაბრუნდა სტუმრების დასახმარებლად ლეგენდარული 217 ოთახიდან, სადაც სტივენ კინგი გაჩერდა. დილით სტუმრებმა გაიღვიძეს და დაინახეს, რომ ნივთები საგულდაგულოდ იყო დაკეცილი.

მეპატრონეები არ უარყოფენ სასტუმროში პარანორმალური მოვლენების არსებობას და „მოჩვენებათა მარშრუტების“ მიხედვით ექსკურსიებს ატარებენ. თვეში ერთხელ კი აქ იმართება შეჯიბრი მოჩვენებებზე მონადირეებს შორის.

სასტუმრო The Skirrid Inn, აბერგავენი, უელსი

900 წლის წინ აქ საქონლის მოსარეკი ბაკი და სიკვდილით დასჯის ადგილი იყო, სადაც დაახლოებით 180 დამნაშავე ჩამოკიდეს. როგორც ჩანს, მათ დაუმთავრებელი საქმეები დარჩათ.

სტუმრები ამბობენ, რომ ძილში ისინი ჯალათის თოკს გრძნობენ კისერზე და მისგან განთავისუფლებას მთელი ძალით ცდილობენ.

ქალის კაბის შრიალი, ეზოში ჯარისკაცების ხმა და ცარიელი ოთახებიდან შემთხვევითი კაკუნი… უბრალოდ გაფიქრებაც კი შემზარავია!

სასტუმრო Grove Park, აშვილი, აშშ

ეს სასტუმრო 116 წლისაა, ლეგენდები ვიღაც „ვარდისფერი ლედის“ შესახებ კი დღემდე არსებობს.

XX საუკუნის 20-იან წლებში #545 ოთახში ცხოვრობდა გოგონა ვარდისფერი კაბით. ამბობენ, რომ იგი იყო მსახური ადგილობრივი სახლიდან და რომანი ჰქონდა სახლის მეპატრონესთან. გოგონა დაორსულდა, მამაკაცმა ღალატის დამალვის მიზნით „ვარდისფერი ლედი“ აივნიდან გადააგდო.

სტუმრების თქმით, იგი მეგობრული მოჩვენებაა, რომელიც ამხიარულებს მათ შუქის ჩართვითა და გამორთვით. „ვარდისფერი ლედი“ არ არის გულგრილი ბავშვების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ავად არიან. ერთმა ექიმმა გოგონას ვარდისფერი კაბით მადლობის ბარათი დაუტოვა განსაკუთრებული ყურადღებისთვის.

XX საუკუნის ბოლოს სტუმრებს შორის ოფიციალური გამოძიება ჩატარდა იმის შესახებ, მართლა ხედავენ თუ არა „ვარდისფერ ლედის“ და მის ყოფნას გრძნობენ. 50-დან 20-მა დადებითად უპასუხა. მას შემდეგ გოგონას მოჩვენება სულელურ გამოგონებად აღარ ითვლება.

აბა, უკვე დაიწყეთ ამ სასტუმროებში ნომრის დაჯავშნა თუ სახლში დარჩენა გადაწყვიტეთ?

Posted in ბლოგი and tagged , , .