ზოგჯერ ყველას გვსურს დავისვენოთ ყველაზე ხალხმცირე ადგილას, რომლის პოვნასაც კი მოვახერხებთ: იქნება ეს უკაცრიელი კუნძული თუ უბრალოდ ცხრა მთას იქით მდებარე ადგილი. ჩვენ მსოფლიოს 10 ყველაზე განმარტოებული სასტუმრო ვიპოვეთ და მზად ვართ მათ შესახებ გიამბოთ.
Explora Rapa Nui, ჩილე
ამ სასტუმროს შემქმნელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ თავიანთ სურვილში, რომ სტუმრები ამქვეყნიური ამაოებისგან დაეცვათ – აქ მათთვის სამოთხის თავშესაფარი ააგეს წყნარი ოკეანის შუაგულში, მსოფლიოს დასახლებული პუნქტებიდან ყველაზე შორს მდებარე კუნძულზე. შენობა „ეკო“ სტილში შეიქმნა, გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით: ხშირი ჯუნგლები და თეთრი მარჯნის ქვიშიანი პლაჟები კუნძულის სტუმრების წინაშე თითქმის პირვანდელი სახით წარსდგება. პოპულარულ სერვისებს შორისაა განმარტოებული პიკნიკების მოწყობა პალმის ხეებს შორის.
Garvault, დიდი ბრიტანეთი
ამ შოტლანდიურ სასტუმროში მოხვედრა არცთუ ისე ადვილი საქმეა. მას ტყუილად როდი უწოდებენ დიდი ბრიტანეთის ყველაზე მოშორებით მდებარე სასტუმროს. Garvault ცნობილ გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა! სასტუმრო უახლოესი სუპერმარკეტებიდან, კლუბებიდან და სავაჭრო ცენტრებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ხოლო მისი სტუმრები სიმშვიდითა და მარტოობით ტკბებიან – ზოგიერთ სეზონზე აქ შესაძლოა ერთადერთი სტუმარი აღმოჩნდეთ.
Petit St. Vincent, გრენადინები
პატარა კუნძულოვანი რესპუბლიკის დროებით მკვიდრებად სასტუმრო Petit St. Vincent-ის სტუმრები შეიძლება იქცნენ. გრენადინის არქიპელაგის პატარა კუნძული მთლიანად სასტუმროს ეკუთვნის და მისი ერთადერთი მუდმივი მაცხოვრებლები პერსონალის წარმომადგენლები არიან. 20-ზე მეტი კოტეჯი გრძელი სანაპიროს გასწვრივაა ჩამწკრივებული. მათ გვერდით განთავსებულია ფლაგშტოკები, რომლებიც სასტუმროს თანამშრომლებს სტუმრების სურვილის შესახებ აცნობებს ალმის ფერის მიხედვით: „სადილი ნომერში“, „ნუ შეგვაწუხებთ“.
La Joya BiuBiu spa & Resort, ბალი
ეს ეგზოტიკური სასტუმროც განმარტოებულ, თითქმის საიდუმლო ადგილას მდებარეობს. მაგრამ თუ მისი სტუმრობა გადაწყვიტეთ, მას ადვილად იპოვით, რადგან სტუმრებს სპეციალური კერძო ვერტმფრენით ხვდებიან. სასტუმროს ერთ-ერთი მარგალიტია სახურავის კიდეზე მოთავსებული გასაოცარი აუზი – მოცურავეებს განუმეორებელი მთის პეიზაჟების დათვალიერება შეუძლიათ.
Hótel Djúpavík, ისლანდია
ისლანდიის პაწაწინა სოფელ დიუპავიკში მდებარე სასტუმროში სულ რაღაც რვა ნომერია. რა თქმა უნდა, საკუთარი ვერტმფრენით იგი ვერ დაიკვეხნის და, ზოგადად საკმაოდ მოკრძალებულადაა მოწყობილი: სველი წერტილი სართულზეა განთავსებული, ნომრები სოფლის სტილშია. მაგრამ მის არსენალში ჭეშმარიტად ძვირფასი რამაა – ადგილმდებარეობა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, ცნობილი ფიორდის ძირში. იმისთვის, ვინც ერთხელ მაინც ამ შორეულ ადგილს ეწვია, რათა ბუნების სასწაულის მოწმე გახდეს, არ იქნება აღმოჩენა, რომ ამ ადგილებში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს.
Secret Bay, დომინიკელთა რესპუბლიკა
კიდევ ერთი განმარტოებული საკურორტო კომპლექსი კარიბის ზღვის პატარა კუნძულზეა მიმალული. Secret Bay მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მასალებით აშენდა და მისი მუშაობისთვის მხოლოდ ეკოლოგიური ტექნოლოგიები გამოიყენება. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ რაც შეიძლება კარგად შეინარჩუნონ თავიანთი სტუმრებისთვის ირგვლივ არსებული სილამაზე, რომელსაც ისინი მთის მწვერვალზე მდებარე ნომრებიდან ადევნებენ თვალყურს.
Whitepod, შვეიცარია
როგორ მოგწონთ იდეა, რომ მაღალმთიან იგლუში დარჩეთ, რომელიც აღჭურვილია ყველაფრით, რაც კომფორტული დასვენებისთვის გჭირდებათ? სასტუმროსა და სათხილამურო კურორტი Whitepod-ის შემქმნელებმა მიიჩნიეს, რომ სტუმრებს ეს იდეა უთუოდ მოეწონებათ. ამიტომ მათ ააშენეს 15 მოდერნიზებული თანამედროვე იგლუ ეკოლოგიური მასალისგან და ისინი ალპების ღია ფერდობზე განათავსეს. სხვათა შორის, ეს იგლუ ტრადიციული გზით თბება: გასათბობად სტუმრები შეშას ბუხარში თავად აწყობენ.
Amangiri Hotel, იუტას შტატი, აშშ
ამ უნიკალური სასტუმროს მშენებლობისთვის გამოყენებული მთავარი მასალა და შთაგონების წყარო ქვა და ქვიშა იყო. სწორედ მხოლოდ მათი დანახვა თუ შეუძლიათ იუტას უდაბნოს შუაგულში მდებარე კომპლექსის სტუმრებს. როგორც ჩანს, სასტუმროს დამპროექტებლების მიზანს წარმოადგენდა, რომ მათი ქმნილება მაქსიმალურად შერწყმოდა უდაბნოს ხედებს – უბრალო ხის ავეჯი, ხით გაწყობილი კრემისფერი კედლები, ხოლო აუზი ქვის უზარმაზარი ლოდის გარშემოა მოწყობილი.
Alila Jabal Akhdar Resort, ომანი
უახლოესი აეროპორტიდან ომანის განმარტოებულ Alila Jabal Akhdar Resort სასტუმროში მოხვედრის მსურველ მოგზაურს გზაში 2,5 საათზე მეტი დროის გატარება მოუწევს. მაგრამ როგორც კი გააცნობიერებს, თუ სად მიიყვანა ამ გზამ, ამგვარ მსხვერპლს აუცილებლად გამართლებულად მიიჩნევს. „სამყაროს პირას“, უფრო სწორად კი კლდის პირას მდებარე კურორტის ფანჯრებიდან ალ ჰაჯარის მთის ისეთი პანორამული ხედები იშლება, რომ მრავლის მნახველ ტურისტებსაც კი სუნთქვა შეეკვრებათ.
The Fogo Island Inn, ნიუფაუნდლენდის კუნძული
დაახლოებით იმავე მანძილის გავლას მოანდომებთ ამ კანადურ თავშესაფრამდეც. და კვლავ შესანიშნავი ხედებისთვის, ამჯერად კი – ოკეანის ხედებისთვის. ფუტურისტულ ნაგებობაში, რომელიც მეთევზეთა პატარა სოფლის შუაგულში მდებარეობს, სტუმრების განკარგულებაშია 29 ნომერი უზარმაზარი პანორამული ფანჯრებით, რომელთაგან თითოეული ოკეანის სანაპიროს გადაჰყურებს!