პარიზი

მხოლოდ თქვენ ორნი: TOP-10 რომანტიკული სასტუმრო და კურორტი

გეგმავთ ხელის თხოვნას, თაფლობის თვის ორგანიზებას, ქორწილის წლისთავის აღნიშვნას ან მიზეზის გარეშე საყვარელ ადამიანთან ერთად უცხო თვალისგან მიმალვას? ჩვენ მოვამზადეთ მასალა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის 10 ადგილის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ ახლებურად შეიგრძნოთ, ხელახლა შეიყვაროთ და საყვარელი ადამიანი გააოცოთ

Lani’s Suites Deluxe

სასტუმრო კონცეპციით „adults only“ იდეალურია წყვილებისთვის – განმარტოება და დასვენება გარანტირებულია. ნომრების ფანჯრებიდან და ტერასიდან ოკეანის ხედი იშლება, არის სპა-ცენტრი, სადაც გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი და სარელაქსაციო პროცედურების ფართო არჩევანია.

თქვენს მეორე ნახევარზე შთაბეჭდილების მოსახდენად გირჩევთ შეუკვეთოთ „რომანტიკული პაკეტი“ 500 ევროდ, რომელშიც შედის შამპანური, ყვავილები, პიკნიკი პლაჟზე, ვახშამი და სარელაქსაციო მასაჟი ორისთვის.

სასტუმროს შესახებ მიმოხილვების შესწავლისას, მხოლოდ ერთ ნაკლს იპოვით – ამ სამოთხის კუთხის დატოვების აუცილებლობას. აქ პრეტენზიას ვერაფერს წაუყენებთ: პერსონალი მეგობრული და თავაზიანია, ტერიტორია გემოვნებით გაფორმებული და მოვლილია, ნომრებში სისუფთავეა, ხოლო რესტორანში ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს საუკეთესო კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

  • მისამართი: Av. de las Playas, 26, ტიასი, კუნძული ლანზაროტე, ესპანეთი.
  • ღირებულება: ერთი ღამე 310 ევროდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Aeropuerto de Lanzarote (7 კმ)

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებს ვიზა არ ესაჭიროებათ.

The Kayon Resort

კიდევ ერთი ვარიანტი მხოლოდ ზრდასრულთათვის. ჯუნგლების შუაგულში, გორაკზე მდებარე კომპლექსის შემადგენლობაში შედის 6 სტანდარტული ნომერი, 12 ლუქსი და 5 ვილა აუზით. ტერიტორიაზე გაშენებულია ბაღები, სადაც გვხვდება დურიანი, ილანგ-ილანგი, ქოქოსი, ჯანჯაფილი, კურკუმა და სხვა ეგზოტიკური მცენარეები.

პავილიონის სახურავზე ტარდება იოგას უფასო გაკვეთილები ყოველდღე 7 საათიდან 8 საათამდე და 14 საათიდან 15 საათამდე. 325000 IDR-ად (23 აშშ დოლარი) შეგიძლიათ შეუკვეთოთ ინდივიდუალური გაკვეთილი ინსტრუქტორთან ერთად – აქვე ან ნომერში.

რესტორანი Canyon Jetty გეპატიჟებათ ვახშამზე ან შუადღის ჩაიზე, რომლის ტერასა მდინარეს გადმოჰყურებს. აქვე ტარდება ბალის სამზარეულოს კერძების მომზადების მასტერ-კლასი შეფ-მზარეულისგან, რომლის ღირებულებაა – 600000 IDR (42 დოლარი) ერთ ადამიანზე. ვახშამი სანთლების ფონზე აუზთან 2136000 IDR (150 აშშ დოლარი) დაგიჯდებათ.

  • მისამართი: Banjar Kepitu, Desa Tagalalang, უბუდი, ბალი, ინდონეზია.
  • ღირებულება: ერთი ღამე 315 დოლარიდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Ngurah Rai airport (42 კმ).

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ინდონეზიის ტერიტორიაზე 30 დღემდე ყოფნის შემთხვევაში ვიზა არ არის საჭირო.

Four Seasons Resort Maldives

Four Seasons-ის ქსელს მალდივებზე რამდენიმე წარმომადგენლობა აქვს, მათ შორისაა კერძო კუნძული Voavah, მაგრამ ლანდაა-გირაავარუზე მდებარე სასტუმრო ყველაზე რომანტიკულად ითვლება. იგი მდებარეობს იუნესკოს ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე, თეთრი ქათქათა პლაჟებისა და ჯუნგლების უხვი სიმწვანის გარემოცვაში.

103 ბუნგალოდან თითოეულს აქვს საკუთარი ჩასასვლელი წყალში, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც განმარტოებას ეძებს. სტუმრებს დასვენების გამრავალფეროვნების უამრავ გზას სთავაზობენ: შეგიძლიათ შეუკვეთოთ ვახშამი სანთლების ფონზე კერძო ქვიშიან პლაჟზე ან მასაჟი ორისთვის, მზის ჩასვლისას კუნძულის ირგვლივ სასეირნოდ გაემართოთ, გაერთოთ Blu Beach Club–ში, აითვისოთ იოგა, შეისწავლოთ აიურვედას საიდუმლოებები ან მოინახულოთ სკაროსი მანტას მსოფლიოში უდიდესი პოპულაციის ბინადრობის ადგილი.

  • მისამართი: ლანდაა-გირაავარუ, ატოლი ბაა, მალდივები.
  • ღირებულება: ერთი ღამე 1350 დოლარიდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Male Ibrahim Nasir International Airport (120 კმ). 30-45 წუთში კუნძულზე ჰიდროპლანით შეგიძლიათ ჩაფრინდეთ, ტრანსფერს სასტუმრო უზრუნველყოფს.

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ვიზას ჩასვლისთანავე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიიღებთ.

მეტი მალდივის კუნძულებზე

Gritti Palace

პალაცო, სადაც Marriott ქსელის სასტუმრო მდებარეობს, 1475 წელს აშენდა, იგი ვენეციის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა. მისი ფანჯრები გრანდ-კანალს გადაჰყურებს, ნომრებიდან კი სანტა მარია დელა სალუტეს ეკლესია და პალაცო ვენიერ დეი ლეონი მოჩანს, რომელშიც პეგი გუგენჰაიმის მუზეუმი ფუნქციონირებს.

ნომრები გაწყობილია ანტიკვარული ავეჯით, დაგებულია რბილი ხალიჩები, მორთულია მასიურ ჩარჩოებში მოთავსებული ნახატებითა და მინის ჭაღებით. თქვენს განკარგულებაშია Club del Doge-ის რესტორანი – იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რესტორანი, სპა-ცენტრი, სადაც Sisley Paris-ის კოსმეტიკა გამოიყენება და სპორტული დარბაზი.

  • მისამართი: Campo Santa Maria del Giglio 2467, ვენეცია, იტალია.
  • ღირებულება: ერთი ღამე 1200 ევროდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Aeroporto di Venezia Marco Polo (10 კმ).

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებს ვიზა არ ესაჭიროებათ.

Royal Mansour

ოაზისი ხმაურიანი ქალაქის ცენტრში – სასტუმროს ტერიტორია გარშემორტყმულია ციხის კედლით, რომელიც თავის სტუმრებს ხმაურისგან და ცნობისმოყვარე თვალებისგან იცავს. 5 ჰექტარი ფართობის კომპლექსი მეფე მუჰამედ VI-სთვის აშენდა, ახლა მის ტერიტორიაზე 53 კოტეჯი (რიადი), 4 რესტორანი, 3 ბარი, ბაღი აუზითა და შადრევნებით, სპა-ცენტრი და ფიტნეს კლუბი მდებარეობს. ხუთი წუთის სავალ მანძილზეა – მარაქეშის მთავარი მოედანი, ჯემაა ელ ფნა.

აქ დასახლების შემდეგ თავს აღმოსავლური ზღაპრის გმირებად იგრძნობთ: თითოეული ოთახი უნიკალურია, ინტერიერში ხალიჩები, ფარჩა და კრისტალებია, სპა-ლუქსებში საკუთარი ჰამამი და პატარა აუზია, ხოლო კონსიერჟები მზად არიან თქვენი ნებისმიერი სურვილი შეასრულონ.

  • მისამართი: Rue Abou Abbas El Sebti, მარაქეში, მაროკო.
  • ღირებულება: ერთი ღამე 15000 MAD-დან (1400 აშშ დოლარი).
  • უახლოესი აეროპორტი: Marrakesh Menara Airport (3.5 კმ).

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ტურისტული ვიზა უნდა გააფორმოთ ქ. კიევში (უკრაინა) მაროკოს საელჩოს საკონსულო სამსახურში, საკონსულო მოსაკრებელი დაახლოებით 30 დოლარია.

Soneva Kiri

ჯუნგლებსა და ოკეანეს შორის, განმარტოებულ კუნძულ კო კუდზე მდებარე სასტუმრო 36 ვილას მოიცავს აუზებით. ბანაობას და გარუჯვას ტაილანდის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟზე შეძლებთ. სასტუმროს აქვს ტაილანდური რესტორანი Benz’s, მაგრამ რომანტიკოსები ვახშმობას ტერასაზე ამჯობინებენ მზის ჩასვლის ფონზე ან ხეებზე განთავსებულ ერთ-ერთ ორადგილიან დაწნულ კაბინაში.

აქ ნამდვილად არ მოიწყენთ: შეგიძლიათ მოინახულოთ მეთევზეთა სოფელი, ნაკრძალის წყლებში აკვალანგით ჩაყვინთოთ, შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით ტრადიციული კერძების მომზადება ისწავლოთ, კაიაკით ან პადლბორდით გაისეირნოთ, ერთად უყუროთ თქვენს საყვარელ ფილმს კინოთეატრში ღია ცის ქვეშ.

  • მისამართი: 110 Moo 4, Koh Kut Island, ტაილანდი.
  • ღირებულება: ერთი ღამე 2000 დოლარიდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Bangkok International Airport (300 კმ). აქედან 1 საათსა და 15 წუთში კერძო თვითმფრინავით Koh Mai Si კუნძულზე ჩაფრინდებით, შემდეგ კი 5 წუთში ჩქაროსნული კატარღით Soneva Kiri-ს ნავმისადგომამდე ჩახვალთ.

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ვიზას ჩასვლისთანავე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიიღებთ.

Shangri-La Hotel

 „სიყვარულის ქალაქში“ უამრავი რომანტიკული სასტუმროა, მაგრამ ეს სასტუმრო სხვათა ფონზე მინიმუმ პანორამით გამოირჩევა: მისი ფანჯრებიდან კარგად ჩანს ეიფელის კოშკი, რომელიც სენას მოპირდაპირე ნაპირზე მდებარეობს.

სასტუმრო მდებარეობს ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისწულის ვაჟის, პრინც როლანდ ბონაპარტის სახლში. მისი თოვლივით თეთრი ფასადის მიღმა განთავსებულია ანტიკვარული ავეჯით გაწყობილი 100 მდიდრული ნომერი, სამი რესტორანი, რომელთაგან ორს მიშლენის ვარსკვლავი აქვს მინიჭებული: L’Abeille – ორი, Shang Palace – ერთი, ბარი და სპა თხუთმეტ მეტრიანი აუზით.

  • მისამართი: 10 avenue d’Iéna, პარიზი, საფრანგეთი.
  • ღირებულება: ერთი ღამე 1200 ევროდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Aéroport de Paris-Charles-de-Gaulle (30 კმ).

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებს ვიზა არ ესაჭიროებათ.

Areias do Seixo

განმარტოებული ადგილი მათთვის, ვისაც ხმაურიანი ქალაქისგან დასვენება და ერთმანეთთან ყოფნისგან სიამოვნების მიღება სურს. სასტუმროს მახლობლად, რომელსაც სტუმართმოყვარე ცოლ-ქმარი მართა და გონსალო მართავენ, მდებარეობს კლდეები, პლაჟი და არანაირი ცივილიზაცია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ 50-60 წუთში ლისაბონში ან ობიდუშში მოხვდეთ.

აქ განსაკუთრებულ ყურადღებას ეკოლოგიურობაზე ამახვილებენ: ნომრების ინტერიერში გამოყენებულია ხის, ქვისა და სხვა ბუნებრივი მასალები, ოთახები ბუხრით თბება და სანთლებითაა განათებული, ბოსტნეულსა და ხილს კი სუფრასთან პირდაპირ ბოსტნიდან მოგართმევენ.

სასტუმროში მდებარეობს სპა-სალონი, რომელიც პროცედურების ფართო არჩევანს გთავაზობთ ბუნებრივი ზეთებისა და ბიო-კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით, მშრალი საუნა და თურქული აბანო. დილით სანაპიროზე ველოსიპედით შეგიძლიათ გაისეირნოთ, ხოლო საღამოს – მონაწილეობა მიიღოთ შეკრებებში კოცონის ირგვლივ ბოკალი ღვინითა და სიმღერებით გიტარის თანხლებით.

  • მისამართი: Povoa de Penafirme, 2560-046, ა-დუშ-კუნიადუში, პორტუგალია.
  • ღირებულება: ერთი ღამე 350 ევროდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Lisbon Portela Airport (62 კმ).

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებს ვიზა არ ესაჭიროებათ.

Taj Lake Palace

მე-18 საუკუნის თოვლივით თეთრი მარმარილოს სასახლე პიჩოლას ტბაზე მდებარეობს, უდაიპურის პანორამული ხედებით. აქ თავს სამეფო პირად იგრძნობთ, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს: თითოეულ ნომერზე მიმაგრებულია პერსონალური მსახურთუფროსი, რომელიც მზადაა შეასრულოს ნებისმიერი თხოვნა, ნომრები მორთულია ოქროთი, ხალიჩებით, მოზაიკითა და ბალდახინიანი საწოლებით, ხოლო სასტუმროს აუზი – პრინცესას ყოფილი საბანაოა. Jiva Spa-ში და მის მცურავ ფილიალში Jiva Boat Spa-ში ხელმისაწვდომია საუკეთესო ტრადიციული პროცედურები სხეულის რელაქსაციისა და გაჯანსაღებისთვის.

Neel Kamal რესტორანში გაგიმასპინძლდებიან დელიკატესებით ინდური მაღალი საზოგადოების მენიუდან, სახურავზე მდებარე Bhairo-ში – ევროპული კერძებით, Jharokha-ში, რომლის ფანჯრებიდან ტბის ლამაზი ხედი იშლება – კერძებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ხოლო Amrit Sagar ბარში – ღვინით, კოქტეილებით, სიგარებითა და ყალიონით.

  • მისამართი: P O Box No 5 Pichola Lake, უდაიპური, ინდოეთი.
  • ღირებულება: ერთი ღამე315 დოლარიდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Maharana Pratap (24 კმ), სადაც მხოლოდ შიდა რეისები ხორციელდება.

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ტურისტული ვიზა უნდა გააფორმოთ ქ. ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) ინდოეთის საელჩოს საკონსულო სამსახურში (ღირებულება – დაახლოებით 100 აშშ დოლარი).

Residenza Napoleone III

მინი-სასტუმრო, რომელშიც მხოლოდ ორი ნომერია, 1556 წელს აშენებული Palazzo Ruspoli-ის შენობაში მდებარეობს. იგი აქტიური ქუჩა ვია დელ კორსოს მახლობლად მდებარეობს, ესპანური კიბეების გვერდით, მაგრამ შიგნით სიმშვიდე და სიჩუმე სუფევს.

ლუქსი, რომელსაც სახელი ეწოდა 1830 წელს აქ მცხოვრები ნაპოლეონ III-ის პატივსაცემად, სამი ოთახისგან შედგება: საძინებელი და ორი მისაღები ოთახი. სურვილისამებრ შესაძლებელია მისი გაფართოება ციხფერი ოთახით, სადაც ხის კიბეს მივყავართ.

Roof Garden Suite – პენტჰაუსი ზედა სართულზე, სახურავზე განთავსებული ბაღით, 20 მ² ფართობის საძინებელი ოთახითა და პანორამული ხედის მქონე მისაღები ოთახით.

სასტუმროს ნომერში დაგხვდებათ ხილი და ბოთლი კიანტი ტოსკანიდან, დილით კი მოახლე თქვენს ნომერში Bulgari-ს ვერცხლის ჭურჭლით სერვირებულ საუზმეს მოგართმევთ. ფუფუნებისა და ოჯახური მყუდროების იდეალური ბალანსი!

  • მისამართი: Via Fontanella Borghese 56, რომი, იტალია.
  • ღირებულება: 900 ევროდან.
  • უახლოესი აეროპორტი: Aeroporto di Roma-Ciampino (20 კმ).

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებს ვიზა არ ესაჭიროებათ.

Posted in ბლოგი and tagged , , , , .