სასტუმროები და სპა კომპლექსები

მოდუნდით და დაისვენეთ: ევროპის 12 სპა-კომპლექსი, რომელთა მონახულება ღირს

სტრესი და ჭარბი წონა – ოფისის მუშაკების ხშირი „მეგობრები“ არიან. წარმატებული კარიერის ამ გვერდითი მოვლენების დაძლევაში და ასაკის შენელებასთან ბრძოლაში სპა-ცენტრები დაგეხმარებათ, რომლებშიც კომპლექსურ მიდგომას იყენებენ: რაციონალური კვება, წყლით, ტალახით და ბალახებით მკურნალობა, სულიერი პრაქტიკა და სპორტული ვარჯიშები. ჩვენ შევარჩიეთ ევროპის ცენტრები და კლინიკები, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს.

1. Acquaforte Thalasso Spa (იტალია)

ეს ადგილი პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებს შორის, რომლებიც ტრავმის შემდეგ აქ რეაბილიტაციას გადიან, ასევე ქალებსა და მამაკაცებს შორის, რომლებიც გახდომაზე ოცნებობენ.

კუნძულ სარდინიაზე მდებარე კომპლექსის მარგალიტია – ექვსი აუზის ჯგუფი თალასოთერაპიისთვის, რომლებიც სხვადასხვა მარილიანობისა და ტემპერატურის ზღვის წყლით ივსება (20-დან 38°C-მდე). პირველი აუზიდან ბოლო აუზამდე გადაადგილებისთვის დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ, ამ დროის განმავლობაში სხეული დუნდება, ჩქარდება ტოქსინების გამოყვანა და უმჯობესდება კანის მდგომარეობა.

მიღებულ ეფექტს გააუმჯობესებს და განამტკიცებს პილინგი ზღვის მარილის გამოყენებით, თაფლის მასაჟი, კრიოთერაპია, ტალახის შეფუთვა, ანტიასაკობრივი პროცედურები. მათ, ვისაც სურს რაღაც უჩვეულო მოსინჯოს, შეუძლიათ ეწვიონ antigravity იოგას ვარჯიშებს, რომელთა დროსაც ჰამაკები გამოიყენება.

სასტუმროების, ვილებისა და SPA-ცენტრის გარდა, კომპლექსში შედის რესტორნები, სადაც იტალიაში საუკეთესო შეფ-მზარეულები მუშაობენ. ყურადღების გარეშე არ დარჩენილან ბავშვებთან ერთად მოგზაური ოჯახებიც – აქ არის საცურაო აუზები, თეატრი, აკვაპარკი, სათამაშო მოედნები, შემოქმედებითი სახელოსნოები და ძიძები, რომლებიც თქვენს პატარაზე იზრუნებენ, სანამ პროცედურებზე იმყოფებით.

მისამართი: Loc. Forte Village – S.S. 195 Km.39.600, Pula Cagliari.
ღირებულება: 3 დღე და 4 ღამე პროგრამით „გახდომა“ – 1 550 ევრო ღირს. ფასში შედის კონსულტაციები, ვარჯიშები და პროცედურები, განთავსების ფასი ცალკე უნდა გადაიხადოთ.

2. Viva Mayr (ავსტრია)

SPA-კომპლექსი მდებარეობს Wörthersee ტბის სამხრეთ სანაპიროზე, კლაგენფურტის მახლობლად. მისი სპეციალიზაციაა – ორგანიზმის დეტოქსიკაცია და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობა.

შემოწმებისა და ექიმთან გასაუბრების შემდეგ დგება ინდივიდუალურის სამკურნალო პროგრამა. თქვენ გამოგიწერენ დიეტას და შემოგთავაზებენ თერაპიას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მასაჟს, წყლის, ჟანგბადისა და სამედიცინო პროცედურებს, პერსონალურ ვარჯიშებს.

ნომრის ფასში შედის კვება ინდივიდუალური მენიუს მიხედვით, მინერალური წყლისა და მცენარეული ჩაის შეუზღუდავი მოხმარება, ვიზიტი სპორტულ დარბაზსა და გამაჯანსაღებელ ცენტრში.

მისამართი: Seepromenade 11, Maria Wörth.
ღირებულება: ნომერი – 187 ევროდან დღე-ღამეში, ექიმის კონსულტაცია – 185 ევრო, პროცედურები – 45 ევროდან ერთი სეანსისთვის.

3. Grand Admiral Resort&SPA (უკრაინა)

კიევის ოლქში მდებარე ხუთვარსკვლავიან სპა-კურორტში შეგიძლიათ გამოჯანმრთელდეთ ევროპული სტანდარტებითა და ხელსაყრელი ფასებით!

ექვსი აბანო და საუნა (რომაული, ტიროლური, ფინური, ჰამამი, ინფრაწითელი და არომასაუნა), დახურული აუზი, საზაფხულო აუზები და მაქსიმალურად Instagram-ული აუზი სახურავზე – აქ თქვენ ნამდვილად იპოვით გასართობს. გარეთ მდებარე ჯაკუზი ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს და განსაკუთრებით პოპულარულია გრილ ამინდთან კონტრასტის გამო. ეწვიეთ ამ ადგილს თუნდაც რამდენიმე საათით, რათა დაისვენოთ სპა-ცენტრში, ან შაბათ-კვირას ჩამოდით და ერთ-ერთი კომპლექსური პროგრამა შეარჩიეთ.

მაგალითად, პაკეტი „Wellness-უიქენდი“, რომელიც მოიცავს ვარჯიშებს (Hatha Yoga, Qigong, Aqua-Mix, Stretching), ვიზიტს Wellness&SPA-ში (აკვაზონა, სავარჯიშო დარბაზი, ჯგუფური ვარჯიშები) და მასაჟს, ან პაკეტი „SPA-უიქენდი“ – ვიზიტი Wellness&SPA-ში, მასაჟი და გართობა (ბოულინგი, ბილიარდი, Xbox). ქალაქგარეთ მდებარე კლუბს აქვს დიზაინერული ნომრებისა და კოტეჯების დიდი არჩევანი, სიმწვანეში ჩაფლული საზაფხულო ტერასები და პანორამული რესტორანი შაბათ-კვირას ცოცხალი მუსიკით. სანამ მშობლები პროცედურებზე იმყოფებიან, ბავშვების დატოვება ანიმატორების მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება.

Grand Admiral Resort&SPA ასევე შესაფერისია რომანტიკული შეხვედრისთვის – ჯერ მასაჟი და სხვა მომადუნებელი პროცედურები, შემდეგ კი ვახშამი პანორამულ რესტორანში Mozart, სადაც საკვებს ფერმერული პროდუქტებით ამზადებენ „sous vіde“ ტექნოლოგიის გამოყენებით.

მისამართი: 116,Varshavskaya Str., Irpen.
ღირებულება: განთავსება – დღე-ღამეში 2 655 უკრაინული გრივნიდან (95 ევრო), ფასში შედის საუზმე, ვიზიტი ღია აუზებში და ნომრების ზოგიერთი კატეგორიისთვის – შესვლა Wellness&SPA-ში. ვიზიტი SPA-ზონაში მათთვის, ვინც არ ცხოვრობს სასტუმროში – 1 000 უკრაინული გრივნიდან (35 ევრო), რიტუალი ჰამამში + უფასო შესვლა Wellness&SPA-ში – 2 100 უკრაინული გრივნიდან (75 ევრო). Anti-Age პროგრამა 7 დღის განმავლობაში – 37 270 უკრაინული გრივნა (1 340 ევრო) ერთ ადამიანზე, ფასში შედის კვება.

დაჯავშნე სასტუმრო

4. Schloss Elmau (გერმანია)

აქ დიდი ყურადღება ეთმობა სტუმრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ამიტომ SPA პროცედურების გარდა, რომლებიც სხეულზე დადებითად მოქმედებს, აქ შემოგთავაზებენ იოგას გაკვეთილებს, ფეხით და ველოსიპედით სეირნობას თვალწარმტაც მიდამოებში, კონცერტებს, მასტერ-კლასებსა და ლექციებს. მათ, ვისაც თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, ელოდებათ მსოფლიოში უდიდესი სასტუმროში მდებარე წიგნების მაღაზია და ორი ბიბლიოთეკა.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის ოთხი სპა-ცენტრი, რომელთაგან ერთ-ერთი განკუთვნილია ბავშვებიანი ოჯახებისთვის. აქ შემოგთავაზებენ სხვადასხვა სახის მასაჟს, სახისა და სხეულის კანის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, ფიზიოთერაპიას, სხეულისა და ფიგურის კორექციას.

ზამთარში თქვენი დასვენება შეგიძლიათ თხილამურებზე სრიალით გაამრავალფეროვნოთ, თბილ თვეებში კი – გოლფის თამაშით. საღამოობით კი დამსვენებლებს ექვსი რესტორანი ელოდება, რომელთაგან ერთ-ერთი დაჯილდოვებულია Michelin-ის ვარსკვლავით.

მისამართი: Schloss Elmau 2, Krun.
ღირებულება: 1240 ევროდან 4 დღე-ღამე. გარდა განთავსებისა ფასში შედის საუზმე, ვახშამი (დღეში 50 ევრომდე), პროცედურების სერტიფიკატი (180 ევრო), ვიზიტი აბანოებსა და საუნაში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ტრანსფერი.

დაჯავშნე სასტუმრო

5. La Reserve (საფრანგეთი)

კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებაში, არაინვაზიურ ანტიასაკობრივ თერაპიაზე სპეციალიზდება.

ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების წესის შეფასების შემდეგ, თქვენ ინდივიდუალურ პროგრამას შემოგთავაზებენ, რომელიც მოიცავს გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და ვარჯიშებს. SPA-ცენტრის ასორტიმენტშია: Nescens-ის გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, პროცედურები ლეგენდარული Crème de la Mer-ის გამოყენებით, მასაჟები, ოსტეოპათია, შეფუთვები, ჰიდროთერაპია და ფიტნეს ვარჯიშები.

კომპლექსში ცხოვრება აუცილებელი არ არის – შეგიძლიათ სხვაგან დარჩეთ და პროცედურებისთვის დანიშნულ დროს მიხვიდეთ.

მისამართი: Chemin de la Quessine, Ramatuelle.
ღირებულება: გამაახალგაზრდავებელი პროგრამა 3 დღითა და 4 ღამით – 4 700 ევრო. ფასში შედის განთავსება, კვება და პროცედურები.

დაჯავშნე სასტუმრო

6. SHA Wellness Clinic (ესპანეთი)

კლინიკა მდებარეობს Sierra Helada-ს ეროვნული პარკის მახლობლად, ადგილზე, რომლის უნიკალური მიკროკლიმატი ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. მისი სპეციალიზაცია – გამაახალგაზრდავებელი და სტრესის საწინააღმდეგო პროცედურებია.

მკურნალობის პროგრამა ექიმთან გასაუბრების, არსებული მდგომარეობის შეფასებისა და თქვენი სურვილების განხილვის შემდეგ დგება.

მასაჟთან, ჰიდროკოლონოთერაპიასთან, რეფლექსოთერაპიასა და იოგის ვარჯიშებთან ერთად, კურორტი გთავაზობთ სახისა და სხეულის ლაზერულ პროცედურებს, კოსმეტიკურ პროცედურებს, აკუპუნქტურასა და ძილის თერაპიას.

მისამართი: Verderol 5, El Albir, Alicante.
ღირებულება: განთავსება – 330 ევროდან დღე-ღამეში, 7 დღიანი სტრესის საწინააღმდეგო პროგრამა ან გახდომის პროგრამა – 3 500 ევრო.

დაჯავშნე სასტუმრო

7. Grand Resort Bad Ragaz (შვეიცარია)

ციურიხიდან ერთი საათის სავალ მანძილზე მდებარე კურორტი ლუქს კლასის ნომრებიან ორ სასტუმროს აერთიანებს. იგი პოპულარულია სპორტსმენებს შორის, რომლებიც აქ გუნდის მთელი შემადგენლობით ჩამოდიან, რათა აღიდგინონ ჯანმრთელობა საპასუხისმგებლო შეჯიბრებების შემდეგ და მიღებული ტრავმები იმკურნალონ. აქ ასევე შემოგთავაზებენ დეტოქსიკაციის, გახდომის, გაახალგაზრდავების, სტრესის საწინააღმდეგო და უძილობასთან ბრძოლის პროგრამებს.

SPA-ს ოთახებს წყალი ბუნებრივი წყაროებიდან მიეწოდება: მას არამარტო სვამენ, არამედ აბაზანების შესავსებად იყენებენ. თითოეულ ნომერში არის აბანო, საუნა და ფერების თერაპიისთვის საჭირო მოწყობილობა, ხოლო მატრასის სიმაგრის ხარისხის შეცვლა ღილაკზე ერთი შეხებითაც შეიძლება. ყველაფერი რელაქსისთვის!

მისამართი: Bernhard-Simonstrasse, Bad Ragaz.
ღირებულება: განთავსება – 460 შვეიცარული ფრანკიდან (415 ევრო) დღე-ღამეში, პროცედურები – 160 შვეიცარული ფრანკიდან (145 ევრო) ერთი სეანსისთვის.

დაჯავშნე სასტუმრო

8. The Minerva Grand Hotel Resort and Spa (რუმინეთი)

მთებით გარშემორტყმულ ხეობაში მდებარეობს ქალაქი Băile Herculane, რომელიც უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი ცხელი სამკურნალო წყაროებით. ყველაზე მოთხოვნადი კურორტი – The Minerva Grand Hotel Resort and Spa საკუთარი SPA-ცენტრით, რომელსაც აქვს ჰიდრომასაჟის აუზი, ინფრაწითელი და მარილის საუნა, ჯაკუზი, ჰამამი, კნეიპის მეთოდის მიხედვით თერაპიის მოწყობილობა და მასაჟის კაბინეტები.

კომპლექსის სპეციალიზაციაა – რევმატიზმის, ნევრალგიის, ნერვული სისტემისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა დაავადებების მკურნალობა.

ასევე თქვენს განკარგულებაშია საბავშვო კლუბი ანიმატორებით, ორი რესტორანი, კაფე, ლაუნჯი და ლობი-ბარი, ფიტნეს კლუბი.

მისამართი: Strada Complexelor 7, Băile Herculane.
ღირებულება: ნომერი – 379 რუმინული ლეიდან (80 ევრო), განთავსება ნახევარი პანსიონით – 521 რუმინული ლეიდან (110 ევრო) დღე-ღამეში. ფასში შედის ვიზიტი SPA-ცენტრში.

დაჯავშნე სასტუმრო

9. Eagles Palace (საბერძნეთი)

მდიდრული SPA-სასტუმრო, განმარტოებული პლაჟით და მწვანე ტერიტორიით, ურანოპოლისისგან ოთხ კილომეტრში, ჰალკიდიკის ნახევარკუნძულის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც სოფელში მდებარეობს. აქ არის ღია და დახურული აუზები, ჯაკუზი, საუნა, აბანო, ლაკონიუმი (ბერძნული საუნა), ტარდება იოგისა და პილატესის ჯგუფური ვარჯიშები.

გურმანებს აღტაცებაში მოიყვანს მენიუ, რომელიც შემუშავებულია რესტორნების Spondi (Michelin-ის ორი ვარსკვლავი) და Hytra (Michelin-ის ერთი ვარსკვლავი) მფლობელის აპოსტოლოს ტრასტელისთან თანამშრომლობით.

მისამართი: Ouranoupolis, Halkidiki.
ღირებულება: განთავსება – 165 ევროდან დღე-ღამეში, პროცედურები – 45 ევროდან ერთი სეანსისთვის.

დაჯავშნე სასტუმრო

10. Energy Eco Spa (ესტონეთი)

კომპლექსი მდებარეობს თვალწარმტაც ადგილას, მდინარე ნავესტის ნაპირზე. პროცედურებისთვის გამოიყენება შემოგარენში შეგროვებული ეკოლოგიურად სუფთა ბალახეული და მათგან დამზადებული ზეთები, ისევე როგორც თიხა და ტორფი, გამოიყენება ასობით წლის წინ შედგენილი რეცეპტები. აბაზანები, აბანოები (მათ შორის, ტრადიციული აბანო შეშაზე), შეფუთვები და მასაჟი დაგეხმარებათ დაივიწყოთ უსიამოვნებები და ენერგიით დაიმუხტოთ, ხოლო თქვენს ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში დაეხმარება.

დასვენება შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ფეხით ან ნავით სეირნობითა და მდინარეში ბანაობით.

მისამართი: Viljandimaa.
ღირებულება: SPA-პაკეტი განთავსებით, კვებითა და პროცედურებით დღე-ღამეში 155 ევროდან ღირს, ცალკე პროცედურები – 5 ევროდან ერთი სეანსისთვის.

11. ION Adventure Hotel (ისლანდია)

რეიკიავიკიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე, Thingvellir-ის ეროვნული პარკის მახლობლად მდებარეობს სასტუმრო, რომელმაც დიზაინისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გამო პრესტიჟული ჯილდოები მიიღო.

Lava SPA-სალონიდან, რომელიც Northern Lights ბარის ქვეშ მდებარეობს, იშლება ხედი ლავას მინდვრებზე, ხოლო ღია ცის ქვეშ განთავსებულია ათმეტრიანი აუზი, რომელიც ივსება წყლით თერმული წყაროებიდან.

აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის ჩრდილოეთის ნათების ნახვის იმედით – მოლოდინი შეგიძლიათ გაილამაზოთ ცხენზე ჯირითით, ჯიპით ან თოვლმავლით სეირნობით, სნორკელინგით, ვულკანის კრატერთან ან ყინულის გამოქვაბულში ექსკურსიით.

მისამართი: Nesjavellir 801
ღირებულება: განთავსება – 35 700 ისლანდიური კრონიდან (260 ევრო) დღე-ღამეში, პროცედურები დამატებით უნდა გადაიხადოთ.

დაჯავშნე სასტუმრო

12. Chateau Mcely (ჩეხეთი)

მთელი წლის განმავლობაში ტურისტებით სავსე პრაღიდან 70 კილომეტრში იპოვით იდეალურ ადგილს განმარტოებისა და დასვენებისთვის – SPA- სასტუმროს ძველ შატოში.

პროცედურების დროს გამოიყენება საავტორო ბალახეული ნაკრები და მის საფუძველზე დამზადებული კოსმეტიკა. შეგიძლიათ შეუკვეთოთ მთელი სხეულის ან ცალკეული ნაწილების მასაჟი (არის შემოთავაზებები ორსული ქალებისთვის და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის), პილინგი, მანიკიური და პედიკიური, ვიზიტი საუნაში ან აბანოში. აქ დასვენებით ნებისმიერ შემთხვევაში ისიამოვნებთ – იქნებით ორნი, ოჯახთან, მეგობრებთან ერთად თუ მარტო.

სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი Piano Nobile, რომელიც სტაბილურად ხვდება ჩეხეთის TOP-5 დაწესებულების სიაში.

მისამართი: Mcely 61.
ღირებულება: განთავსება – 2 900 ჩეხური კრონიდან (115 ევრო) დღე-ღამეში, პროცედურები – 690 ჩეხური კრონიდან (27 ევრო) ერთი სეანსისთვის.

დაჯავშნე სასტუმრო

Posted in ბლოგი and tagged , , , .